logo
ENG



"მაკრონი თავს დაგვესხა" - ალიევი მოლაპარაკებებში საფრანგეთის მონაწილეობის წინააღმდეგია

25 ნოე 202220:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/25/ze0fpyv71s3xnor.jpg

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მას არ სურს საფრანგეთის მონაწილეობა სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მან საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან 7 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრა გააუქმა.

ალიევის თქმით, მაკრონი ბაქოს "დაესხა თავს" და "შეურაცხყოფა მიაყენა", ამიტომ საფრანგეთის პრეზიდენტი არ უნდა იყოს შუამავალი. მისი თქმით, საფრანგეთის ლიდერმა "ანტიაზერბაიჯანული პოზიცია" მიიღო.

"მაკრონი... თავს დაესხა აზერბაიჯანს და დაგვადანაშაულა იმაში, რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია. ნათელია, რომ ამ პირობებში, ამ დამოკიდებულებით, საფრანგეთი ვერ იქნება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის ნაწილი", - ამბობს ალიევი.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მას სურს შეინარჩუნოს დისკუსიების ფორმატი, რომელშიც მონაწილეობდნენ მაკრონი და მიშელი.

საფრანგეთის პრეიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადანაშაულა რუსეთი ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობის გაღვივებაში და ასევე დაადასტურა სომხეთის სუვერენიტეტის მხარდაჭერა ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ევროკავშირის სამოქალაქო მისია ოქტომბერში განთავსდა. 

***

12-13 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია დაიძაბა - აზერბაიჯანი საზღვარზე სომხურ პოზიციებს არტილერიით ინტენსიურად ბომბავდა. ადგილობრივი მედიები წერდნენ, რომ ეს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ყველაზე მწვავე კონფლიქტი იყო.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეებმა 14 სექტემბერს მიაღწიეს, თუმცა გასულ დღეებში მომხდარ დაპირისპირებას ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანული მხარე 77, ხოლო სომხეთი 135 სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყებოდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში მხარეებმა ერთმანეთი 29 სექტემბერსაც დაადანაშაულეს.

ოქტომბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა სოჭში მოლაპარაკებები გამართეს - რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, შეხვედრაზე 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებების შესრულებაზე იმსჯელეს, რის შემდეგადაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადების თანახმად, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები შეთანხმდნენ ძალის გამოუყენებლობაზე და პრობლემების სუვერენიტეტის აღიარების პრინციპის გათვალისწინებით მოგვარებაზე. პუტინმა, ფაშინიანმა და ალიევმა ხაზი გაუსვეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დასადებლად აქტიური მზადების მნიშვნელობას და გამოხატეს მზადყოფნა ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დადებული შეთანხმებების შესრულებაზე.


close დახურვა